დღესდღეისობით მონაცემების ღირებულებასა და მნიშვნელობაზე აღარავინ კამათობს. მეტიც, ფართოდ არის გავრცელებული ფრაზა : “მონაცემები ოცდამეერთე საუკუნის ნავთობია”. მართლაც, მონაცემები შეიძლება ძალიან ღირებულ ინფორმაციას ატარებდნენ, თუმცა როგორც ნავთობს მასაც სჭირდება გაწმენდა და დამუშავება. ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ადამიანებმა უფრო და უფრო მეტი მონაცემის ასახვა და შეგროვება დაიწყეს, მონაცემების ასეთი ექპონენციური ზრდა კი უფრო და უფრო ართულებს მისი შენახვისა და დამუშავების პროცესს. ერთ-ერთი საშუალება თუ სად და როგორ შეიძლება მონაცემების გაწმენდა დამუშავება ორგანიზება და შენახვა არის მონაცემთა საცავი. თუმცა აქვე ისმის საინტერესო კითხვა, როდის ხდება ბიზნესისთვის მონაცემთა საცავი საჭიროება?
რა არის მონაცემთა საცავი ?
მონაცემთა საცავი, არის სისტემა, რომელსაც კომპანიები იყენებენ მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის მიზნით. მისი მთავარი მიზანია მონაცემთა ინტეგრირება, მათი გაერთიანება მონაცემთა სხვადასხვა წყაროებიდან და საბოლოოდ, მოთავსება ერთ ცენტრალიზებულ ლოკაციაზე. მონაცემების უმრავლესობა, რომელსაც კომპანიები ინახავენ არის ისტორიული ან ახლანდელი მონაცემები, რომლებიც გამოიყენება რეპორტების შესაქმნელად და მათზე დაკვირვებით სხვადასხვა ტენდენციების გამოსავლენად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რაც მონაცემთა საცავს გააჩნია, არის ის, რომ მას შეუძლია მონაცემების გაერთიანება ბევრი სხვადასხვა წყაროდან. მაგალითისთვის, მონაცემთა საცავში შეიძლება თავი მოიყაროს მონაცემებმა მარკეტინგიდან, გაყიდვებიდან, ფინანსებიდან და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად არის შესაძლებელი მონაცემთა საცავში კონკრეტული ინფორმაციის მოძიება და გამოყენება. მონაცემთა საცავი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ დროს, რასაც კომპანიები დახარჯავდნენ მნიშვნელოვანი მონაცემების მოსაძებნად და მათ გასაანალიზებლად.
მონაცემთა საცავს შეუძლია სხვა ოპერაციები გაცილებით მარტივი და ეფექტური გახადოს სხვა გადაწყვეტილებებთან შედარებით, მიუხედავად ამისა ყველა ბიზნესს შეიძლება არ ჰქონდეს მონაცემთა საცავის საჭიროება, მითუმეტეს ადრეულ ეტაპებზე, როდესაც შეგროვებული მონაცემების ზომა არც თუ ისე დიდია. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რა ეტაპზე სჭირდება კომპანიას მონაცემთა საცავი?. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ 5 ნიშანზე, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს მონაცემთა საცავის აუცილებლობაზე.
ძლიერი დამოკიდებულება ელექტრონულ ცხრილებზე (ექსელის ცხრილებზე)
ბიზნესის ზომის მიუხედავად, ცხრილები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესის სფეროში არსებობს. ისინი კომპანიის თითქმის ყველა დეპარტამენტში გამოიყენება. პრობლემა, რომელსაც მრავალი ბიზნესის მფლობელი აწყდება, არის ის, რომ ცხრილები შეიძლება გაიზარდოს უზარმაზარ ზომებამდე და გახდეს ძალიან რთულად სამართავი.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ სავარაუდოდ კარგი და გამართული რეპორტინგისთვის თქვენ შესაძლოა გესაჭიროებოდეთ მონაცემების ამოღება ყველა დეპარტამენტის სხვადასხვა ცხრილებიდან. თუ ეს ასეა, თქვენ ქმნით რეპორტებს საკუთარი ხელით და ამაში ხარჯავთ დიდ ადამიანურ რესურსს, რომელიც გართმევთ უამრავ დროს.
თუკი თქვენ, უკვე ძალიან გიჭირთ იპოვოთ საჭირო მონაცემი უამრავ ცხრილს შორის, რომელსაც იყენებს სხვადასხვა დეპარტამენტი, ეს იმის ნიშანია რომ დროა დაიწყოთ ფიქრი კომპანიაში მონაცემთა საცავის დანერგვაზე.
ცხრილები ვეღარ უმკლავდებიან მონაცემთა ზომას
ცხრილები შექმნილია მონაცემთა გარკვეული რაოდენობის დამუშავებისთვის. თუკი მიაღწევთ ან გადააჭარბებთ იმ ლიმიტს, რომელიც გააჩნია ცხრილებს, თქვენ უკვე ძალიან გაგიჭირდებათ მათთან მუშაობა, რადგან ფაილი სადაც ცხრილია მოთავსებული ხდება ძალიან “მძიმე” და მასთან მუშაობის პროცესიც ნელდება. ამასთან, შეუძლებელი ხდება აღნიშნულ ცხრილებში ახალი მონაცემების დამატება. შესაბამისად, მიიღებთ ცხრილს, რომელთან მუშაობა არის ძალიან რთული, რადგან პროცესი შენელდა, ის გართმევთ ბევრ დროს, და ამასთანავე არ გაქვთ საშუალება, რომ ახალი მონაცემები დაამატოთ, ანუ მუშაობთ მხოლოდ წარსულის მონაცემებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ცხრილების ლიმიტის მიღწევა არც ასეთი მარტივია, კომპანიები ამ ზღვარს მალე მიაღწევენ თუ განაგრძობენ თავიანთ ცხრილებში ახალი მონაცემების მუდმივად დამატებას. როცა ამ ეტაპს მიაღწევთ, თქვენ დაინახავთ, რომ თქვენი მონაცემების გამოყენების თვალსაზრისით პროდუქტიულობა და მათი ეფექტურობა შემცირდა. ამიტომაც, მონაცემთა საცავი, რომელსაც სხვადასხვა ცხრილებიდან საჭირო მონაცემების ამოკრეფის და მათი გაერთიანების უნარი შესწევს, შესანიშნავი გამოსავალია.
ზედმეტად დიდ დროს ხარჯავთ ლოდინში
თუკი თქვენ აპირებთ რეპორტის შექმნას და ელოდებით თქვენს კოლეგებს, სანამ ისინი ასახავენ თავიანთ მონაცემებს ცხრილებში, აღმოაჩენთ, რომ იმაზე მეტ ხანს მოგიწევთ ლოდინი ვიდრე ვარაუდობდით რომ მოგიწევდათ.
ლოდინი თქვენს ეფექტურობას ამცირებს და ცხადია, მოქმედებს თქვენს განწყობაზეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი კოლეგები არიან ძალიან დაკავებულები და დრო არ აქვთ, რომ მონაცემები ცხრილებში ასახონ. მონაცემთა საცავის დანერგვა, დაგეხმარებათ მონაცემების ერთ სივრცეში მოქცევაში და ყველა თანამშრომელს მისცემს საშუალებას, რომ მონაცემებთან უფრო ეფექტურად იმუშაონ. ეს შეამცირებს დროს, რომელსაც თქვენ დახარჯავდით კოლეგებისგან საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვაში.
შეუსაბამობა მონაცემებსა და რეპორტებში
შეგიმჩნევიათ თუ არა, როცა გუნდის წევრები ან გუნდის ლიდერები განსხვავებული დეპარტამენტებიდან ქმნიან რეპორტებს და მონაცემები ან შედეგები განსხვავდება თქვენი ან სხვა რეპორტებისგან ? ამას არამარტო გამოყავხართ მდგომარეობიდან, არამედ თქვენი უამრავი დრო და ენერგია მიაქვს, სანამ გაერკვევით, იპოვით შეცდომებს და მათ დააკორექტირებთ.
ამის გამძაფრება შეუძლია იმ ფაქტსაც, რომ ხშირად სხვადასხვა დეპარტამენტს აქვს ისეთი მონაცემთა წყაროები და სენსიტიური ინფორმაცია, რომელსაც არ უზიარებენ მეორე დეპარტამენტს. თუკი ამ ეტაპს მიაღწიეთ და გააცნობიერეთ, რომ შეუსაბამობებია თქვენს მონაცემებში, შეიძლება დადგა დრო, მონაცემთა საცავის დანერგვისა. მას შეუძლია გადაჭრას აღნიშნული პრობლემა, რომელიც უკავშირდება მონაცენებისა და რეპორტების შეუსაბამობას, რადგანაც ყველა მონაცემი იქნება ცენტრალიზირებული ერთ სისტემაში. ასევე თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ დუბლირებული მონაცემები არ იარსებებს და ეს ცალკე პრობლემას არ შეგიქმნით.
ძალიან ბევრი დრო გეხარჯებათ რეპორტების შექმნაში
იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს შევქნათ რეპორტები არსებულ მონაცემებზე წამებში, ან მხოლოდ რამდენიმე კლიკის საშუალებით. თუკი თქვენ რეპორტის შესაქმნელად გიწევთ, სხვადასხვა მონაცემთა წყაროების შემოწმება, იმ მხრივ ასახულია თუ არა მათში განახლებული მონაცემები, ან თუ ასე არ არის- გიწევთ მათი საკუთარი ხელით განახლება, მალევე აღმოაჩენთ, რომ ის დრო, რომელშიც ვარაუდობდით, რომ ჩაეტეოდით რეპორტის შესაქმნელად, არ ყოფილა საკმარისი. იმის დამსახურებით, რომ მონაცემთა საცავი აერთიანებს მონაცემებს უამრავი წყაროდან, თქვენ მონაცემთა მისაღებად მხოლოდ ერთი წყაროსთვის მიმართვა დაგჭირდებათ. ამას დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ მონაცემთა საცავი შეიძლება ისე გამართოთ რომ მონაცემთა ავტომატური განახლების ფუნქციაც დაუყენოთ, თქვენ გარანტია გაქნებათ, რომ მონაცემს რომელსაც იყენებთ ყოველთვის სწორი და განახლებული იქნება.